X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

3 ნოემბერი 2021

„იმერეთის მუნიციპალიტეტებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები უკვე თვალსაჩინოა. მათ ნაწილზე დასრულებულია ან მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების, სხვა საინჟინრო გადაწყვეტების, რეკრეაციული სივრცეებისა და პარკების მოწყობის სამუშაოები.,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ წყალტუბოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია ქალაქ წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების  სამუშაოები, რომელსაც ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე .

ირაკლი ქარსელაძის თქმით, „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4 წლიანი, ამჟამად მიმდინარეობს მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტების შესრულება, რომლის  საორიენტაციო ღირებულება არის 500 მილიონი ლარია. მისივე განმარტებით, პროგრამის შემდგომი ეტაპები კიდევ უფრო მეტ პროექტებს გაითვალისწინებს და შესაბამისად, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება მნიშვნელოვნად განახლებული, ახალი შესაძლებლობების მქონე სივრცეები. 

4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას. პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.